ევროკავშირის მხრიდან ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამისი შეთანხმება EBRD-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის 27 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ,,საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ყულიჯანაშვილმა და EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს.
ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს, დაუახლოვდნენ ევროკავშირის სტანდარტებს და მაქსიმალურად გამოიყენონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში არსებული უპირატესობები.
დღეს ხელმოწერილი შეთანხმებით, საქართველოში ადგილობრივ დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი „საქართველოს ბანკისგან“ (და ასევე სხვა ბანკებისგან მომავალში) 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით.
აღნიშნული შეთანხმება ევროკომისიის მიერ შემუშავებული DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამის (DCFTA Facility) ფარგლებში გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის გაძლიერებას DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით. ევროკავშირსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, დასახელებული სამი ქვეყნის მასშტაბით ბანკი 380 მილიონ ევროს გამოუყოფს ადგილობრივ პარტნიორ ბანკებს სესხისა და სავაჭრო გარანტიების სახით ბიზნესებისთვის ქვესესხების გასაცემად.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი, თავის მხრივ, ტექნიკური დახმარების, ინვესტიციის წახალისებისა და რისკების გაზიარების მიზნით 19 მილიონ ევროს გამოყოფს.